ქართული English Русский Italiano Française
ჩვენი მიზნები
ჩვენი მიზნები და ამოცანები: საქართველოს ტურისტული რესურსებისა და პოტენციალის პოპულარიზაცია მთელს მსოფლიოში თანამედროვე საინფორმაც... >>>>>
სიახლეები
საჭირო ინფორმაცია
ქართული სამზარეულო

პოპულარული ქართული კერძების ძველებური რეცეპტები


ქართული სამზარეულოს მიმართ უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, Travelgis პორტალის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება პოპულარული კერძების ძველებური რეცეპტების გამოქვეყნების შესახებ ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ბარბარე ჯორჯაძის მიერ XIX საუკუნეში შედგენილ სამზარეულო წიგნიდან „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობარი“, რომელიც პირველად 1874 წელს გამოიცა

 

ამიერიდან ჩვენი პორტალის გვერდზე ”საქართველო-კულინარია” პერიოდულად გამოქვეყნდება მორიგი კერძის დამზადების ტექნოლოგია.

 

საცივი

საცივი ინდოურისა გურულად.  ერთი მსუქანი ინდოური (ინდაური) ტაფაზე დადეთ, ცოტა წყალი დაასხით, შედგით ფეჩში (ღუმელში), შეწვაში მარილ–წყალი წაუსვით; თუ ფეჩი არ არის, ჯერ მოხარშეთ, მერე შამფურზე შეწვით. ერთ–ნახევარი ჩაის სტაქანი (ჭიქა)  ძმარი სამი ჩაის სტაქანი თავისივე მსუქანი წვენი ერთად აადუღეთ; შიგ ჩაყარეთ ნახევარი გირვანქა (ერთი გირვანქა დაახლოებით 410 გრამის ტოლია) დანაყილი ნიგოზი, ორი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, ორი კბილი კარგად დანაყილი ნიორი, ქინძი და სხვა მწვანეულობა, რაც იშოვება, შიგ ჩააჭერით და ესენი სულ ერთად კარგად აადუღეთ; შემწვარი უნდოური დასჭერით, ჭააწყეთ ჯამ–ფილაში და ეს ნიგოზი დაასხით. ესე დამზადებული ცივი უფრო გემრიელია და დიდხანსაც შეინახება.

მასალად საჭიროა: ინდოური – ერთი; ძმარი – სტაქან–ნახევარი; მწვანეულობა; ნიგოზი – ნახევარი გირვანქა; ხახვი – ორი თავი; ნიორი – ორი კბილი; მარილი.


საცივად ინდოური, ბატი, ქათამი. ინდოურს, ბატს ან ქათამს შესწომთ (შეწვავთ) მარილ–წყლით, მერე ერბოს წაუსომთ; როცა კარგად დაწითლდეს, დასჭერით, სამი კვერცხი გათქვიფეთ, დაასხით ერთი სტაქანი ძმარი, ნახევარი სტაქანი წყალი, თუ ძმარი ცხარეა – წყალი ერთი სტაქანი, სამი თავი ხახვი წვრილად დაჭრილი, დადგით ცეცხლზე, ადუღეთ, ურიეთ კი, რომ არ აიჭრას. როცა გასქელდეს, იმ დაჭრილ ფრინველს დაასხით, ისე შეინახეთ. ორ–სამ დღეს ივარგებს.

მასალად საჭიროა: ინდოური – ერთი, ერბო – ერთი სტოლის (სუფრის) კოვზი, ხახვი – სამი თავი, კვერცხი – სამი, ძმარი – ერთი სტაქანი, მარილი.

 

ხაჭაპური

გირვანქა–ნახევარი ფქვილი გამტკიცეთ, ერთს სტაქან თბილ წყალში მაჟალოს ტოლი ხაში ამოჭყლიტეთ და შვიდი კვერცხი გათქვიფეთ, სტაქან–ნახევარი ერბო გამდნარი, ყველა ერთად მოზილეთ როგორც ცომი; თუ სქელი იყოს, კიდევაც კვერცხი მიუმატეთ და კარგად დაზილეთ, მერე თბილად დახურეთ და თქვენ მოუმზადეთ ყველი ამ რიგად: თუ ახალი არის, ყველს დალბობა არ უნდა, თუ ძველი ყველი არის, მლაშე, იმას იმ ღამესვე ცივს წყალში დაჭრილს შეინახამთ, რომ სიმლაშე გამოეცალოს და როგორც ახალი ყველი ისე გახდეს, მერმე დაფხვნით და კვერცხის გულში აურიეთ, ცომი შუა გაყავით და ცალცალკე მრგვლად ქაღალდივით გაათხელეთ; მერე ის კვერცხში არეული ყველი შიგ ჩადეთ და ზედ მეორე ცომი გადააფარეთ, ნაპირები გადმოუკეცეთ, რომ ყველი არ გამოცვივდეს, დასდეთ გახურებულ კეცზე და ცეცხლთან გამოაცხეთ. – თუ გენებებათ წვრილებს გააკეთებთ და თონეზე გამოაცხობთ.